უძრავ ქონებას საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებით დაიცავენ

ორშაბათი, მარტი 13, 2017

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ინფორმაციას უძრავი ქონებისა და ბიზნესის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით დაიცავენ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი იწყებს სისტემის საპილოტე პროექტის დანერგვას, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა – საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით  დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობასა და უტყუარობას დაადასტურებს, განაცხადეს უწყებაში. ბლოკჩეინი   მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მონაცემთა ტრადიციული ბაზებისგან განსხვავებით,  იგი დაცულია როგორც კიბერ–შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები  არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე  მონაცემში საეჭვო მანიპულაციის  ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საჯარო რეესტრმა საპილოტე პროექტი კომპანია BitFury Group–ის სპეციალისტებთან ერთად 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეიმუშავა. კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი ფაზის მსვლელობისას ასევე განხორციელდა ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის რეალურ რეჟიმში რეალიზებისთვის.